თბილისში საქონლის ნაცვლად დაავადებული ცხენის ხორცს ყიდდნენ

03.05.23 10:01
თბილისში საქონლის ნაცვლად დაავადებული ცხენის ხორცს ყიდდნენ

თბილისში საქონლის ნაცვლად  ცხენის ხორცს ყიდდნენ - მომხმარებლის მოტყუების და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით სამი პირია პასუხისგებაში მიცემული.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ცხენის ხორცი მოკიბულების სახით რამდენიმე ობიექტიდან ამოიღო - ბრალეულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ირკვევა, რომ სამი პირიდან ერთი დაავადებული ცხენის ხორცს ყიდულობდა, მეორე ამუშავებდა, მესამე კი სავაჭრო ობიექტში ყიდდა. 

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით,  პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.    

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა ქ. თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა ქ. თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით”. - წერია განცხადებაში.