მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა - კოალიცია

03.05.23 11:52
მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა - კოალიცია

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

განცხადების ავტორები  ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში.

კოალიცია წერს, რომ წელს, პირველად, საქართველოს ჰყავს პატიმარი მედია მენეჯერი. 

"უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, უკანონო თვალთვალი, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები არის მხოლოდ ნაწილი იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას კრიტიკული მედია.

წელს, პირველად, საქართველოს ყავს პატიმარი მედია მენეჯერი, რომლის საქმეც გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია შეყვანილია პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული ჟურნალისტების სიაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში.