საქართველოს საგარეო ვაჭრობის კრახი და რუსეთზე დამოკიდებულება - ბრიფინგი "ლელოში"
"საქართველო დღითიდღე შორდება ევროპულ ბაზარს და ხდება კიდევ უფრო დამოკიდებული რუსულ "და დსთ-ს ეკონომიკურ სივრცეზე - ამის შესახებ "ლელო საქართველოს" ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულ ახალ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2016-2022 წლებში, ევროკავშირში საქართველოდან გატანილი საერთო პროდუქციის ანუ ჯამური ექსპორტის წილი მკვეთრად შემცირდა.
მინდა, წარმოგიდგინოთ ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა. ეს არის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის კრახი. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო დღითიდღე შორდება ევროპულ ბაზარს და ხდება კიდევ უფრო დამოკიდებული რუსულ და "დსთ"-ს ეკონომიკურ სივრცეზე.
ISAT-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგს შეეხება, უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა და გავრცელდა ევროპარლამენტის არხებით. ეს კვლევა, კიდევ ერთი და ამ შემთხვევაში ეკონომიკური დადასტურებაა ქართული ოცნების მიერ წარმოებული პრორუსული პოლიტიკისა. რიცხვები არასდროს ტყუიან - კვლევის თანახმად, 2016-2022 წლებში მკვეთრად შემცირდა ევროკავშირში საქართველოდან გატანილი საერთო პროდუქციის ჯამური ექსპორტის წილი. 2016 წელს იგი შეადგენდა 27%-ს, ხოლო 2022 წელს 15%-ს. ზრდის ნაცვლად, საერთო მაჩვენებელში 12% კლება გვაქვს. სერიოზული ვარდნა კონკრეტული მიმართულებებითაც, მაგალითად საგრძნობლად შემცირდა ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიც. 2016 წელს იგი შეადგენდა 31%, ხოლო 2022 წელს 14%-ს, აქაც მაჩვენებლები ფაქტობრივად განახევრებულია იმის მაგივრად, რომ საქართველო იყენებდეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უნიკალურ შესაძლებლობას და ქართველ გლეხს, ეძლეოდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მომგებიანი ბაზარი, ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებლები სულ უკან და უკან მიდის. სამაგიეროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში, პარალელურად იზრდებოდა, რუსეთსა და "დსთ"-ს ქვეყნებში ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პროპორცია, რომელიც 2016 წელს შეადგენდა 47%-ს ხოლო 2022 წელს 73%-ს, შესაბამისად 2016-2022 წლებში, 2-ჯერ შემცირდა ევროკავშირის სახელმწიფოებში განხორციელებული ექსპორტების რაოდენობა და ზუსტად 2-ჯერ გაიზარდა "დსთ"-ს ქვეყნებში ექსპორტირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რაოდენობა.
კვლევაში, კიდევ ერთ-ერთი საგანგაშო მაჩვენებელია, რაზეც "ლელოს" არაერთხელ უსაუბრია, კერძოდ კრიტიკულად შემცირებულია სავაჭრო დივერსიფიკაციის მაჩვენებელი, ძირითადი საექსპორტო საქონლის მთავარი ბაზარი კი რუსეთია, რომელზეც "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველო დღითიდღე სულ უფრო მეტად და მეტად დამოკიდებული ხდება, ეკონომიკური, ენერგეტიკული, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ევროპასთან პოლიტიკური სამართლებრივი და ეკონომიკური დაახლოება ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალობა საპირისპიროს მოწმობს. საქართველო შორდება ევროპულ სივრცეს და უახლოვდება რუსეთსა და "დსთ"-ს.
ხელისუფლების არაეფექტური პოლიტიკის გამო, საქართველოს არ გამოუყენებია, ის შესაძლებლობები, ის მართლაც უნიკალური შესაძლებლობები, რომელსაც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება გულისხმობს. საგარეო ვაჭრობის ეს კრახი ძალიან ძვირი უჯდება თითოეულ ქართველ გლეხს, მეწარმეებს და სრულიად ქართულ ეკონომიკას" - აცხადებს გრიგოლ გეგელია.