ვინ წავა ჯარში? - პარლამენტში თავდაცვის ახალ კოდექსს განიხილავენ

03.05.23 13:01
ვინ წავა ჯარში? - პარლამენტში თავდაცვის ახალ კოდექსს განიხილავენ

ვინ წავა ჯარში - პარლამენტში თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა  იწყება. კანონპროექტის მიხედვით,  2025 წლიდან წვევამდელებს ჯარში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს. აღნიშნული ცვლილებები კი სამხედრო სამსახურის თავის არიდების სივრცეს აღარ ტოვებს.

თავდაცვის კოდექსს მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი არ უჭერს. ყველაზე კრიტიკული "გირჩია", რომელიც  ამბობს, რომ სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ანაზღაურებაც ღირსეული. 

ადამიანი, ვინც დეზერტირობაზე ოცნებობს, მისი ადგილი ჯარში არ არის და ჩვენ გვინდა, რომ ქართულ ჯარში იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ეს ნებაყოფლობით უნდა. თავის არიდება ყოველთვის შეეძლება იმას, ვინც მთავრობაშია და კომისართან ჩააწყობს, აქ ბრძოლა არის იმაზე, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურებს არ ჰქონდეს თავის არიდების საშუალება. კანონის ამოქმედების შემდეგ, რასაკვირველია, როგორც აქამდე იქნება, რომ ჯარში წავა ყველაზე გაჭირვებული იძულებით, რომელიც აქამდე ბიბლიური თავისუფლების მეშვეობით არიდებდა თავს ჯარში წასვლას, ხოლო იმათი შვილები, ვინც ჯარში არ დადიოდნენ, ჯარში ისევ არ წავლენ, - თქვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩში" ასევე ამბობენ, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული ხელფასი  უნდა გადაუხადონ, როგორც ეს დაცვის კერძო კომპანიებში ხდება.

"ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ თავდაცვის კოდექსის მიმართულებით, ჩვენ გვინდა სახელმწიფომ შექმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანებს თვითონ უნდოდეთ წასვლა და სამხედრო მომზადების გავლა. ამისთვის ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ საჭიროა ისეთი ხელფასი მაინც გადაუხადონ, როგორც მაგალითად დაცვის კერძო კომპანიებში. ესე დგება ზოგადად თავდაცვის უნარიანობა და არა ისე, რომ ყველამ კალაშნიკოვის ხმარება იცოდეს და ამით ძალიან მაგარი ქვეყანა ვიქნებით" - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა, ჰერმან საბომ.

მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ახალი კოდექსში გაუმჯობესებულია როგორც ეფექტიანობის თვალსაზრისით, ისე სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.

"თითოეულ პუნქტთან მიმართებაში, რა იყო ადრე არსებული რეგლამენტაცია, რა არის ახალი. თითოეულ მათგანთან მიმართებაში არის გაუმჯობესებული, როგორც ეფექტიანობის თვალსაზრისით, ისე მაგალითად სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამხედრო პირებსა, ეს რა თქმა უნდა ერთ მნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მაღალ დონეზე აფასებს სამხედრო პირთა მოღვაწეობას და შესაბამისად ამის დაფასების დემონსტრირება გახლავთ მათ შორის ეს საკანონმდებლო ინიციატივა" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ამავე აზრს იზიარებს მოძრაობა "ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი და ირწმუნება,  რომ სახელმწიფო  მოქალაქეებს შეღავათს უკეთებს და ამავდროულად, ეს ანაზღაურებადია.

"სახელმწიფო სამსახურში უნდა იყოს, თან ანაზღაურებადია, თან შეღავათს გიწევს სახელმწიფო და არა მგონია, აქ ვინმე ნორმალური საქართველოს მოქალაქე წინააღმდეგი იყოს იმის, რომ თავის შვილი, ამ შემთხვევაში ჩემს შვილზეც ვიტყვი, რომ როგორც მოუწევს კანონმდებლობით, რა თქმა უნდა ისე უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გამარტივებული წესებით არის ეს კოდექსი შემოთავაზებული" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.