მოსახლეობის 64% ამბობს, რომ არ არსებობს საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს?
2023 წლის მარტში ჩატარებულ კვლევაში დადებითი პასუხი მხოლოდ 24%-მა გასცა, რაც გასული წლის ივლისისა და დეკემბრის შემდეგ მკვეთრადა შემცირებული მაჩვენებელია (ივლისში 39%, დეკემბერში - 31%).
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს, 9%- მა დააფიქსირა პასუხი "არ ვიცი".
კვლევის თანახმად ირკვევა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს.
კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა. კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.