პრეზიდენტი ოცნებას: მოუსმინეთ ხალის ხმას და არა "ხალხის ძალას"
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას საგანგებო განცხადებით ეხმიანება - პრეზიდენტი ამბობს, რომ "საქართველოს რუსეთისგან საჩუქრები არ სჭირდება".
"მოუსმინეთ ხალის ხმას და არა "ხალხის ძალას" - უთხრა "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მთავარსარდალმა.
დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია? - შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.
მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე „ტვიტერზე“. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია"- თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მმართველ ძალას ურჩევს საზოგადოების მოთხოვნას დაემორჩილოს:
მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით არის ერთიანი. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა"- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.