"ოცნება“ ფაქტობრივად, პუტინის „ედინაია რასიას“ შეუერთდა - ვაშაძე
"ოცნება“ PES-ის დატოვებით, ფაქტობრივად, პუტინის „ედინაია რასიას“ შეუერთდა - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, „ევროპელი სოციალისტების“ დემონსტრაციულად დატოვება ნიშნავს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას, არამედ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმასაც, რაც არის დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტისთვის.
„დღეს „ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად დატოვა „ევროპელ სოციალისტთა“ ოჯახი და ფაქტობრივად, შეუერთდა პუტინის „ედინაია რასაიას“ დღევანდელი გადაწყვეტილებით. ხაზს ვუსვამ, ეს არის გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკური ოჯახი, სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს გერმანიის მმართველი პარტია. ეს არ არის მხოლოდ ღიად უარის თქმა კანდიდატის სტატუსზე, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და იმ დიდ მიზანზე, რაც გვაქვს - ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. ესაა დანაშაულებრივი ქმედება, რომ რუსეთის ჩრდილქვეშ შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ქართულ ღირებულებებთან და ეროვნულ ინტერესებთან, არამედ დღევანდელი გადაწყვეტილებით საერთო აქვთ მხოლოდ პუტინთან და იმ მავნებლურ რეჟიმთან, რომელიც მალე დამარცხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.