"მოსამართლემ მითხრა, ყველა იქ ვიყავით, ყველა ვქეიფობდითო" - რა მიზეზით უთხრეს უარი ჯაფარიძეს აცილებაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
"აცილებას ბევრი საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის, როგორ იქცეოდა პირველ სხდომაზე, როცა აშკარად ჩანდა, რომ სწრაფად უნდოდა გადაწყვეტილების მიღება. კლანის გაშვებას მაინც მივაღწევთ საბოლოო ჯამში.... მაგაზე [მოსამართლის აცილებაზე] მაგარი პასუხი გაგვცა: აზრი არ აქვს, მე რომც ამიცილოთ ისეთი მოსამართლე შეგხვდებათ, რომელიც იქ იყო, ყველა იქ ვიყავით, ყველა ვქეიფობდით. [გორში]
არის ვიდეოჩანაწერები, სადაც მთელი პერიმეტრი ჩანს, რომელიც ამ საქმეში გვჭირდება და მოვითხოვეთ, იქნება მოგვაწოდონ. შსს 15 წუთი ჩხუბობდა, რომ არცერთ შემთხვევაში ეგ ჩანაწერები არ მოიტანოთო" ,- თქვა ზურა ჯაფარიძემ.
გამოძიება ჯაფარაძეს და მოსიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. პოლიციამ ისინი მარტის აქციებზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.