ნიკა მაჭუტაძემ აღიარა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა მისცა - წითლიძე

17.05.23 15:05
ნიკა მაჭუტაძემ აღიარა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა მისცა - წითლიძე

ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს. 

წითლიძის თქმით,  ნიკა მაჭუტაძემ ეს მასთან პირადად აღიარა.

"ერთი ადამიანი, რომელმაც ჩემთანაც დაადასტურა ეს არის ნიკა მაჭუტაძე, მისი არგუმენტი, რომ ეს არის, ყოფილა რეკომენდაცია 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს არის არასწორი. სხვა ადამიანებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ-ჯერობით ვარკვევთ ვინ არიან ეს ადამიანები" - ამბობს ანა წითლიძე.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი. ხელისუფლების ოპონენტებმა დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.