გაასაჯაროვეთ კენჭისყრაში მონაწილე ჩვენი დეპუტატების სია - გახარიას გუნდი პარლამენტს

17.05.23 15:00
გაასაჯაროვეთ კენჭისყრაში მონაწილე ჩვენი დეპუტატების სია - გახარიას გუნდი პარლამენტს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტის აპარატს მიმართავს , გასაჯაროვდეს მათი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.

პარტია ანალოგიურისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.

"საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.

ანალოგიურად მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროვონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.

საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!" - წერია განცხადებაში.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი და მათ დარბაზი დატოვეს.