ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟს - მდინარაძე

17.05.23 15:28
ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟს - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებას ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟს უწოდებს.

მისი თქმით, რაც ოპოზიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას გააკეთა, სხვა არაფერია, გარდა სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

ეს არის „ნაცური“ მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა

„ამას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თავის დროზე, ესენი ამას ახერხებდნენ და ახლა ვერ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელი ამბავია სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, რომ დატოვონ დარბაზი, არ მისცე ხმა, აი, ეს არის „ნაცური“ მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ. ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. ბატონო თავმჯდომარე, გთხოვთ, ახლა შევაჩეროთ კენჭისყრა. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე დადგა, მიღებულია. უკვე დიდი ნაბიჯი არის გადადგმული, რომ კიდევ ერთი ევროპული რეკომენდაცია შევასრულოთ და ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული რეკომენდაციების და ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს რეალურად რა ხდება, ვინ არის ევროპული გზის მომხრე და ვინ მიდის ასე თავხედურად ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ჩვენ ახლა ვხედავთ ევრორეკომენდაციის საბოტაჟს. ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი. ხელისუფლების ოპონენტებმა დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.