კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ კობახიძე და მდინარაძე, რომლებმაც თანაპარტიელებს რუსული კანონის მიღება აიძულეს - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლებმაც ოპოზიციური პარტიის წევრები დეპუტატებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, სამარცხვინოს უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ ის პირები, რომლებმაც თანაპარტიელებს რუსული კანონის მიღება აიძულეს, ვინც თავი შეიკავა კი ისინი დასაჯეს.
მანჯგალაძე ასევე, იმ ხუთ დეპუტატს, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ შერჩეულ იუსტიციის საბჭოს არასამოსამართლე წევრობის კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, მოუწოდებს, საკუთარი ქმედება აღიარონ და განმარტონ.
სამარცხვინო და აბსურდულია კობახიძის და მდინარაძის განცხადება, ჩვენს მიერ ოპოზიციის რომელიმე დეპუტატის მიმართ ზეწოლაზე. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ამ დეპუტატებს, ვინც აიძულა საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედება, ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან არ მგონია, რომ ისე, უბრალოდ ადამიანებს საკუთარი თავები ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ამასთან, კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც რუსული კანონის მიღება აიძულეს თავიანთ თანაპარტიელებს და უფრო მეტიც, თავი ვინც შეიკავა, ის დეპუტატები საგანგებოდ დასაჯეს საკუთარი აზრისა და პოზიციის ქონის გამო. განსაკუთრებით სავალალოა, რომ ამ რეპრესიებს ვერ გადაურჩა გენერალი ჩაჩიბაია. არ მესმის, უახლოეს წარსულში ამ ქმედების ჩამდენი ძალა როგორ საუბრობს ვინმეს ზეწოლაზე და ზემოქმედებაზე. ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად არ აქვთ მოკლე მეხსიერება და საჭირო მომენტში ყველა ამ ქმედებებისთვის პასუხს მოსთხოვს ბოლო პერიოდში ყველა ანტიეროვნულ, ანტიქართულ ძალას იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს.
რა შეეხება დეპუტატების მხრიდან ხმის მიცემას, თითოეულ მათგანს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიარონ, რა მოტივაციით დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანდიდატებს”, - ამბობს პაატა მანჯგალაძე