ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

17.05.23 19:54
ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ვტოვებ ფრაქციას, მითუმეტეს დამოუკიდებელ ფორმატში გადასვლა ისედაც იდგა ჩემს პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაც ფრაქციის ხელმძღვანელობისთვისაც ცნობილი იყო - ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.

ედპ-ს ლიდერის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა აღნიშნავს, რომ რჩება აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი ქართული ოცნების დამარცხების საქმეში.

მთელი ჩემი შეგნებული პოლიტიური საქმიანობა მივუძღვენი, და ასეც ვაპირებ გავაგრძელო, ბრძოლას იმასთან, ვინც ამ ქვეყანაში რუსულ საქმეს აკეთებს. გადამწყვეტ მომენტში ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა არც რადიკალიზმი და არც უკომპრომისობა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც საზოგადოებისთვის ხვალ და ზეგ უფრო ნათელს გახდის, რომ არაფერი საერთო ჰქონია ქართული ოცნების ინტერესებთან, ეს ცხადზე ცხადია, 29 კანდიდატიდან ევროსაბჭოს რეკომენდაციების მოტივით და იმ ფონზე რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მთლიანად ოპიზიცის ხელისუფლებასთან კომპრომისზე, გამოიწვია ის, რომ რიგმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.

ამ დეპუტატებს შორის მეც მივეცი ხმა რამდენიმე კანდიდატს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არანაირი მოტივაცია და ინტერესი გარდა იმისა, რომ ამ კანდიდატებს შორის იყო რამდენიმე მისაღები და ბევრი მათგანი მიუღებელი ოცნებისთვის, არ ყოფილა. ისიც ფაქტია, რომ ქართული ოცნება საბჭოში ისედაც ფლობს უმრავლესობას და ამ კენჭისყრას რაიმე ბონუსი ამ კუთხით არ შეუქმნია.

თუმცა, ის რაც მოჰყვა ამ ფაქტს ჩემი კოლეგების მხრიდან, ემოციურ შეფასებებს არ ვგულისხმობ, ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა ვიყავი და დღესაც ვრჩები აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი ქართული ოცნების დამარცხების საქმეში.

ვტოვებ ფრაქციას, რომლის ფორმატშიც დღემდე ვსაქმიანობდი და ვფიქრობ ამგვარი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატური იქნება , მითუმეტეს, როცა დამოუკიდებელ ფორმატში გადასვლა მანამდეც იდგა ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დღის წესრიგში და ამის შესახებ ცნობილი იყო ფრაქციის ხელმძღვანელობისთვის".- აცხადებს ქარდავა.

ცოტა ხნის წინ ფრაქცია დატოვეს ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემაც.

ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.