პრეზიდენტმა მმართველ გუნდს პროტოკოლი დაუწუნა - რითი პასუხობს ზურაბიშვილს პრემიერი

27.05.23 11:51
პრეზიდენტმა მმართველ გუნდს პროტოკოლი დაუწუნა - რითი პასუხობს ზურაბიშვილს პრემიერი

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს პროტოკოლი დაუწუნა - კრიტიკას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმით უპასუხა, რომ დიასპორის ფორუმზე ყველას მიესალმა, გარდა პრეზიდენტისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსს დავით ზანთარაიას მადლობა გადაუხადა და ის კვალიფიციურობისთვის შეაქო.

"მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერმა.

დღეს, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი სკამის "ჩაჩოჩების" და ასევე, დამოუკიდებლობის დღეს პროტოკოლის დარღვევის გამო. მისი თქმით, არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, შემდეგ კი პრეზიდენტს.