დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო მზადაა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ღარიბაშვილი
დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო მზადაა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს და ეს უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
"მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და ზოგადად, მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მე ასევე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და ასევე, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი და მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს იქნება ძირითადი საკითხები.
კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვდება თუ არა ღარიბაშილი ზელენსკის? - უკრაინის პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკურ სამიტს ესწრება. ამავე ღონისძიებაზე იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრიც. ზელენსკიმ დაანონსა, რომ ექნება ორმხრივი შეხვედრები. ახლ მთავარი კითხვაა, გაიმართება თუ არა ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის პირისპირ აუდიენცია. მოლდოვაში ევროპელი ლიდერები არიან შეკრებილები.