კალაძემ საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა, გუშინწინ ღარიბაშვილმა უკრაინა, ვერ გავარკვიე, კალაძე უფრო მავნებელია, ღარიბაშვილი თუ კობახიძე - მანჯგალაძე

01.06.23 13:46
კალაძემ საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა, გუშინწინ ღარიბაშვილმა უკრაინა, ვერ გავარკვიე, კალაძე უფრო მავნებელია, ღარიბაშვილი თუ კობახიძე - მანჯგალაძე

"გასაგებია რა ჯიშის პატრიოტებიც ხართ და ვისაც ემსახურებით, ამიტომ ბიჭებო, გამოდით და ღიად აღიარეთ რომ რუსები ხართ" - ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სადაც კალაძემ 2008 წლის ომში მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.

პაატა მანჯგალაძის თქმით “ქართული ოცნების” ლიდერების ქმედებები რუსული საქმის კეთების ტოლფასია და ამას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ყველა ხვდება

"ქართული ოცნების" ლიდერებს ყოველ დღე რაღაც  მარათონი, ერთგვარი დოღი აქვთ გამოცხადებული ანტიდასავლური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების შეჯიბრში. 

ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე კალაძე უფრო მავნებელია, ღარიბაშვილი თუ კობახიძე. რას აკეთებენ ვხვდები მაგრამ მოტივაციას ვერ ვხვდები, თვითონ რას იგებენ ამით. 

ეს რომ რუსული საქმეა, ფაქტია. ამაზე აღარავინ დაობს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ მაგრამ რისი მოლოდინი აქვთ, გამარჯვებული რას მიიღებს, პუტინი გადასცემს სერგო ორჯონიკიძის სახელობის პრიზს?  თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ რუსეთი მოიგებს ცივილიზებულ მსოფლიოსთან დაპირისპირებაში? თუ იმ დონეზე მართლა სულგაყიდულები ხართ, რომ მზად ხართ, რუსეთის მარცხი თქვენს პირად მარცხად აქციოთ და შეეწიროთ პუტინის საბჭოეთის აღდგენის "დიად იდეალებს"?

დღეს კალაძემ საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, გუშინწინ გლობალურ სამიტზე ღარიბაშვილმა - უკრაინა. გასაგებია რა ჯიშის პატრიოტებიც ხართ და ვისაც ემსახურებით, ამიტომ ბიჭებო, გამოდით და ღიად აღიარეთ რომ რუსები ხართ და საქართველოც გაგცემთ შესაბამის პასუხს.  ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს სამართლიანობა და დასავლეთი არცერთი წამით არ დაუშვებს ბოროტების გამარჯვებას” - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის განცხადებით, 2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა.