კარები შეანგრიეს, ჩემ სიძეს ხელი დაარტყეს, იატაკზე დააწვინეს, შვილიშვილები ამიტირეს - ბესო გაზდელიანი საგამძებო სამსახურშია
ბესო გაზდელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია. ნაციონალური მოძრაობის წევრს ამ წუთებში კითხავენ.
ენმ-ს წევრი ამტკიცებს, რომ 7-8 მარტის აქციების შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლში 50-მდე სპეცრაზმელმა ჩხრეკა კანონდარღვევით, არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ჩაატარა, ბავშვები იატაკზე დააწვინეს და იარაღის ძებნა დაიწყეს.
"სრულიად გაუგებარი იყო მათი ამ სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზები, დაახლოებით 4 საათი მთელი ჩემი ოჯახი ვიყავით დატყვევებული მათ მიერ. ოჯახში ჩემს გარდა კიდევ მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ანალოგიური სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩემს ნათესავებთან მათ ოჯახებშიც შევიდნენ. ჩემი შვილის ოჯახში კარები შეანგრიეს, ჩემ სიძეს ხელი დაარტყეს, იატაკზე დააწვინეს, შვილიშვილები ამიტირეს, მოკლედ ძალიან გაუგებარი, არაადეკვატური სპეც.ოპერაცია ჩაატარეს. ყოველ წუთს ველოდებოდი, რომ საიდანღაც ჟანგიან იარაღს ამომიძრობდნენ სახლიდან, ან რომელიმე ჩემი ნათესავის სახლიდან. ძალიან მეეჭვება, რომ ეს სამსახური აქ რამის გამოძიებას შეძლებს, თუმცა ცდა ბედის მონახევრია და ვნახოთ რა გამოგვივა" - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო გაზდელიანი.
გაზდელიანის ადვოკატი გაზდელიანის დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
"ჩვენ ველოდებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ თვითონ დაიწყებდა აღნიშნულზე გამოძიებას, მაგრამ ამდენი დროის შემდეგ მან არ დაიწყო გამოძიება. მივმართეთ ამის შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ დაიწყოს აღნიშნულზე გამოძიება ორი კუთხით, ერთი მხრივ უფლებამოსილების გადამეტებაზე, აუცილებელია, რომ ბესო გაზდელიანი ცნონ დაზარალებულად, რადგან ჩვენ უბრალოდ არ ვენდოთ მათ სიტყვებს, ჩვენ გვქონდეს, რომ გავეცნოთ საბუთებზე წვდომას და გავეცნოთ, თუ რა გამოძიება ჩაატარეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა" - ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.