ინციდენტი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს - რას ამბობს კახა კალაძე
კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი, სადაც ერთი ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო.
მისი თქმით, სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა.
„რა თქმა უნდა, ყველა უსაფრთხოების ზომა არის იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს შესაბამისი სივრცე შემოღობილი იყო. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ ის ჯებირები, რომელიც იყო განლაგებული, გადანგრეულია. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რა მდგომარეობაში იყო - ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ადგილზე უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,“ - განაცხადა კალაძემ.
წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა