პრემიერი: მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს - მისი თქმით, "მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა".
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომის დაწყებაში "ნატო" არ დაუდანაშაულებია:
მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას. აქ ახალი არაფერი არ თქმულა. მე რა თქმა უნდა, ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს"- თქვა პრემიერმა.
მისივე თქმით, "ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხაროა".
მე მაინტერესებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. მით უმეტეს, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგია მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.