კინოცენტრმა შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

02.06.23 14:11
კინოცენტრმა შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი „გოეთეს ინსტიტუტს“ წინააღმდეგ - ცენტრი ინსტიტუტს გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო  აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.

  • საუბარია, „გოეთეს ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორის, გაგა ჩხეიძეს დაჯილდოების საკითხზე, როცა ინსტიტუტმა დაწერა, რომ ის მარტში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჩხეიძემ ღიად გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში.

„გოეთეს ინსტიტუტის“ საპასუხოდ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ " სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას"

„სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის. ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.

მკაფიოდ განვმარტავთ, რომ გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 18 მარტს გათავისუფლდა არა უკრაინის მხარდაჭერისათვის, არამედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშის“ საფუძველზე, რაც მოიცავს 2019-2020 წლებში მის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას. სწორედ ამ აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა.“ - წერია განცხადებაში. 

კინოცენტრი დასძენს: „რომ ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“