გაზრდილი ხელფასი, საკუთარი ავტომობილი, სამდივნო - ახალი პრივილეგიები მმართველი ძალისთვის
ახალი პრივილეგიები მმართველი ძალისთვის. პარლამენტი ცვლის კანონს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დამატებითი პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას აძლევს.
იზრდება ხელფასი, საკუთარ ავტომობილს გადასცემენ და შეუქმნიან სამდივნოსაც. სავარაუდოდ ქართული ოცნება, ახალ პრივილეგიებს უმრავლესობის ახალი ლიდერისთვის ამზადებს. ახლა ამ თანამდებობას ირაკლი კობახიძე იკავეს, რომელსაც როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ეს პრივილეგიები ძველი თანამდებობიდან გადმოჰყვა.
ჩნდება კითხვა, ხომ არ ცვლიან კობახიძეს და ხომ არ ეყოლება საპარლამენტო უმრავლესობას ახალი ლიდერი ვისთვისაც პრივილეგიებს წინასწარ ამზადებენ.
პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარლამენტის წევრობა პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა და არა კომფორტის და ხალხის ხარჯზე პირადი კეთილდღეობის შექმნა.
"გარწმუნებთ, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი კობახიძე ნამდვილად არ იქნება, ეს კი უნდა ქართულ ოცნებას, მაგრამ ამას არ დაუშვებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველამ, რომ ეს ასე არ მოხდეს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. მეორე საკითხი, რომც მიიღოს ქართულმა ოცნებამ პირობას გაძლევთ ჩვენ ამ კომფორტით არ ვისარგებლებთ, არ სჭირდება კომფორტი პარლამენტის წევრობას, პარლამენტის წევრობა არის პასუხისმგებლობა და არა მოწყობა, კომფორტი, სარგებელი და ხალხის ხარჯზე პირადი კეთილდღეობის შექმნა" - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" გეგმა 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არის კონსტიტუციის ერთგვარი "გამოშიგვნა" სამართლიანი და დემოკრატიული ნაწილისგან.
"რეგლამენტში სავარაუდოდ შესატანი ცვლილებები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად ფიქრობს და გეგმავს ქართული ოცნება 24 ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი გეგმაა, რომ კონსტიტუცია ფაქტობრივად გამოშიგნოს, გამოშიგნოს მისგან მთლიანად სამართლიანი და დემოკრატიული შემადგენელი, რომელიც დღეისათვის ფაქტობრივად ფორმალურად არსებობს, მაგრამ მაინც ხელისშემშლელია ქართული ოცნებისთვის და გადაიქცეს ფორმალურადაც და რეალურადაც პოლიციურ სახელმწიფოდ" - ამბობს პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი.