"ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?" - TI-ის კვლევა
ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კვლევას.
TI-ს საგანი გახდნენ გია ბარამიძე, ალეკო ელისაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით ქაცარავა, მამუკა მამულაშვილი და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველი მოხალისეები, რომელთა წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ორგანიზაციის შეფასებით, მოგვიანებით ამ მოქალაქეების ნაწილის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა საქართველოშიც დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მოქმედებებს.
"ასეთი თანხვედრა ავტომატურად არ ადასტურებს საქართველოსა და რუსეთის უწყებებს შორის კოორდინაციას ან შეთანხმებულ მოქმედებას. თუმცა, როდესაც საჯარო დისკრედიტაციას მოსდევს სისხლისსამართლებრივი დევნა, პატიმრობა ან სხვა მკაცრი ღონისძიებები, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამგვარი მოქმედებებით რუსეთის ხელისუფლების გულის მოგებას ცდილობს"- წერს TI.
ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა მოხალისეობრივად ჩართულიყო უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქართველი მოხალისეების რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია.
კვლევა ნახეთ აქ