საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება - მსჯელობა ევროპარლამენტში
"ქართული ოცნება", ოპოზიცია, მინისტრები - მოვლენათა ეპიცენტრი ბრიუსელია. ამ წუთებში ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება.
კავაკასიის რეგიონის შეხვედრაზე მთავარი ამბავი 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება. "ოცნებას" უმაღლესი ტრიბუნიდან უკვე შეახსენეს ევროპარლამენტის ის რეზოლუციები, რომელიც საქართველოს მედიის შეზღუდვის და პოლიტპატიმრების შესახებ მიიღეს.
"12 რეკომენდაციაზე პროგრესი დღეის მდგომარეობით არასრული და ხშირად ზედაპირულია", - თქვა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდი ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.
მან "ქართული ოცნების" წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ "მეორე ფრონტის გახსნაზე" გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები შეახსენა და მმართველ პარტიას უთხრა, რომ "ამ განცხადებების მოსმენით" დაიღალნენ.
"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უკან არ ჩამორჩება იმიტომ, რომ მისი სამხედროები რუსეთს არ უტევენ სოხუმიდან. არამედ, საქართველო ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებობის გამო. ჩამორჩება ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის გამო. ასევე, დიპლომატების, ევროპული პარლამენტის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო. ჩამორჩება პოლიციის სისასტიკი მოპყრობის გამო მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური აგენტების კანონს. ასევე იმიტომ, რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში აღნიშნა, რომ LGTBQ უფლებების დაცვისკენ მოწოდება "უმცირესობის ძალადობაა უმრავლესობის წინააღმდეგ". ასევე, რუსეთის მიმართ მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო, რაც გამოიხატა მთავრობის დაჟინებულ წინააღმდეგობაში, სრულად შეუერთდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და ახლახანს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო". – თქვა კალიურანდიმ.