ურბანული გენოციდი თბილისში - აპირებს თუ არა თბილისის მერია ჩხარტიშვილის კომპანიას მწვანე შუქი აუნთოს?

08.06.23 14:39
ურბანული გენოციდი თბილისში - აპირებს თუ არა თბილისის მერია ჩხარტიშვილის კომპანიას მწვანე შუქი აუნთოს?

244 სახლი, 20 თაუნ ჰაუსი, მაღაზიები, და გასართობი ცენტრები, ვანო ჩხარტიშვილის კომპანია მასშტაბური მშენებლობისთვის ემზადება.

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ფაქტობრივად დააანონსა, რომ თუ კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში ექნება შინდისში დაახლოებით 500 ათა ს კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვას გასცემენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შინდისში მსგავსი მშენებლობა გენგეგმას ეწინააღმდეგება. მეტიც,  "ენმ"-ში ამბობენ, რომ პროექტი მრავალ საფრთხეს გამოიწვევს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.

"ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილთან დაკავშირებული პირია და ისინი ერთად ცდილობენ "იშოვონ" ფული თბილისელების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"- აცხადებს საკრებულოს წევრი. 

"კახი კალაძე აგრძელებს თბილისში მავნებლური მშენებლობის ნებართვების გაცემას, რომელიც ერთის მხრივ კატასტროფაა ურბანული თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ პირდაპირ იქნება საფრთხე იქ მომავალი მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ იქ არის მომატებული გეოდინამიკური საფრთხეების ზონა, სადაც არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც არის ასევე სეზონური მდინარეები, მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს იმიტომ, რომ ეს ადამიანი, ვინც უნდა ააშენოს ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე შენობები არის ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენი, მისი დაახლოებული პირი ვანო ჩხარტიშვილი და მათი ერთადერთი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება დიდი ფული იშოვონ თბილისელების ინტერესების დაზიანების ხარჯზე" - ამბობს თბილისის საკრებულოს "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ტერიტორია ყოველთვის საცხოვრებელი სტატუსის მატარებელი იყო. 

"ტერიტორია არის განვითარებადი, ოღონდ განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების პირობებში. ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, წარმოდგენილი არის განაშენიანების გეგმა, აქვე მინდა ვთქვა, რომ არის ტყუილი ის, რომ არ არის მოთხოვნილი გარემოზე ზეგავლენის შეფასება, გარემოსდაცვის სამინისტროდან. აღნიშნული ტერიტორია არასდროს არ ყოფილა სატყეო, აღნიშნული ტერიტორია იყო ყოველთვის საცხოვრებელი, ყოველთვის განვითარებადი და შესაბამისად მოხდება განვითარება" - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე. 

მსგავსი სიახლეები