ღარიბაშვილის განცხადებები რუსული ნარატივი და ტყუილია - კრიტიკა ევროპარლამენტიდან
ევროპარლამენტარი ლუკ დევინი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე "ოცნების" დეპუტატს მაია ბითაძეს გამოეხმაურა და მას კიდევ ერთხელ შეახსენა ღარიბაშვილის განცხადება, სადაც პრემიერმა ნატოს გაფართოება დაასახელა უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად:
დევინი ამბობს, რომ როდესაც ღარიბაშვილმა მიზეზად მხოლოდ ნატოს გაფართოება დაასახელა, მას არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლიდან არაფრად აგდებს ქვეყნების სუვერენულ უფლებებს.
მისი თქმით, ეს რუსული ნარატივი და თან ტყუილია, რადგან 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად.
"გარდა ამისა, ქალბატონ ბითაძეს მინდა გავცე პასუხი. „ნატოს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი“ - თქვა თქვენმა პრემიერმინისტრმა და თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის ომის მიზეზიც ეს არის. ჩვენ ყველანი გეთანხმებით ამაში. პრობლემა ის არის, რომ თქვენგან განსხვავებით, თქვენს პრემიერმინისტრს საერთოდ არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლიდან არაფრად აგდებს ქვეყნების სუვერენულ უფლებებს, არამედ მიზეზად მხოლოდ ნატოს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან ტყუილია, იმიტომ რომ 2008 წლიდან, როდესაც საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის." - განაცხადა ევროდეპუტატმა.
ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადებების გამო ქართულ ოცნებას ევროპარლამენტში მთელი დღეა თავის მართლება უწევთ.