რესტორანში დაიგეგმა - კობახიძე რუბლების დაყრას ხოშტარია-კეზერაშვილს აბრალებს
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მისთვის თსუ-ში რუბლების დაყრა ხოშტარია-კეზერაშვილმა რესტორანში დაგეგმა.
მისი თქმით, ამ პროვოკაციებში ტელეკომპანია ფორმულაც მონაწილეობდა.
"ეს იყო კოორდინირებული, როგორც თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, ასევე გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა არსებითად ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული ჩიქოვანის, კეზერაშვილის ცოლის ძმის და ელენე ხოშტარიას მიერ.
ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ ერთ თანამონაწილეს. პირდაპირ იყო ჩართული ამ პროვოკაციებში ტელეკომპანია ფორმულა, პირველში განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჯერ ისინი მოვიდნენ და მერე მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე" - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს თსუ-ში ლექციის დასრულების შემდეგ, კობახიძეს თავზე რუსული რუბლები გადააყარეს.