დაჩოქილ მდგომარეობაში დიდი ძმისთვის ბოდიშების მოხდა - ხიდაშელი ფარულ ჩანაწერებზე
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა მონურ, დაჩოქილ მდგომარეობაში ყოფნას ჰგავს.
ხიდაშელი წარმოუდგენელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ქართველი ახალგაზრდების პროტესტის გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ამის გამო ბოდიშები უნდა იხადონ.
რაღაცა მონური, დაჩოქილ მდგომარეობაში დგომის განწყობა, რომ დიდ ძმას ბოდიშები უნდა ვუხადო და რისთვის, საქართველოში შემოვიდნენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირები, კრემლთან აფილირებული ადამიანების დროის გასატარებლად, ეს გააპროტესტეს ქართველმა ახალგაზრდებმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ, ეს არის მონობა სხვა კი არაფერი, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.
მოგვიანებით ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას კი პირადად უგზავნის.