უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი - პრეზიდენტი კითხვაზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს

15.06.23 14:13
უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი - პრეზიდენტი კითხვაზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს

რატომ არ იწყალებს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს? - Українська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი მთავარ  მიზეზად ანგარიშ-ვალდებულებას ასახელებს, რომელიც საკუთარი ხალხის წინაშე აქვს აღებული.

"მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე, მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი" - ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი შესაბამის კითხვას. 

ჟურნალისტი აზუსტებს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ქართველ კოლეგას არაერთხელ მიმართა.

მისი თქმით, "ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გადაიტანა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა".

"ეს არის საკითხი, რომელიც ჰყოფდა და ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას"- უთხრა პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემას. 

მოსახლეობის განცდა არის ის, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ზოგიერთი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი იყო მისი რეჟიმის დროს. ზოგადად, ასეთი განწყობა არსებობს, მაგრამ ამავე დროს არის განცდა, რომ მას ღირსეულად უნდა მოეპყრონ და გამოსავალი უნდა მოიძებნოს. აღვნიშნავ, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შეწყალება არის მორალური საკითხი, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი ადამიანების წინაშე, მაგრამ ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემს კავშირებთან და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც უფრო შეესაბამება იმას, თუ როგორ უნდა მოექცე ყოფილ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ შეუძლიათ განსხვავებულად უპასუხონ ექსტრადიციის მოთხოვნას, მაგრამ უნდა უპასუხონ. ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ პირადად ბევრმა ადამიანმა სთხოვა. 

მსგავსი სიახლეები