ევროპარლამენტის მხარდაჭერა უკრაინას - გახარია მთავრობას შანსის გამოყენებას ურჩევს
ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საგანგებო განცხადებით ეხმაურება. გიორგი გახარია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.
გახარია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და აქტიურად იმუშაოს იმისკენ, რომ საქართველო ტრიოს მიღმა არ დარჩეს.
მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად. ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.
საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!“ - წერს გიორგი გახარია.
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რამდენიმე წუთის წინ მიიღო, სადაც ნატოს წევრებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.