15-15 ლარი მორალური ზიანისთვის და საჯარო ბოდიში - გრიგორიადისის ოჯახი ღარიბაშვილსა და კობახიძეს უჩივის

26.06.23 12:37
15-15 ლარი მორალური ზიანისთვის და საჯარო ბოდიში - გრიგორიადისის ოჯახი ღარიბაშვილსა და კობახიძეს უჩივის

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ბრალდებულისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს.

მნიშვნელოვანია, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი და ისე წარიმართოს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელით საქმე, რომელიც უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შელახვას ეხება. თავად ლაზარესთან ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ეს სარჩელი სასამართლოში შეტანილი აუცილებლად უნდა იყოს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ. თავიანთი ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო სამოქალაქო წესით პასუხი აგონ. ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ სიმბოლური თანხა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, 15-15 ლარის ოდენობით დაეკისროთ. ასევე, რაც მთავარია, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ და რომელი საინფორმაციო არხებითაც გავრცელდა ეს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამები, სწორედ მათი საშუალებით გავრცელდეს მათი მობოდიშება ლაზარეს მიმართ",- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

კვირის ბოლომდე უნდა გადაწყდეს საქმეს საქალაქო სასამართლო წარმოებაში მიიღებს თუ არა და მოუწევს თუ არა პირველი ინსტანციის წინაშე წარდგომა ირაკლი კობახიძეს და პრემიერ ღარიბაშვილს.