არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რას გიკეთებს რუსეთი - პრეზიდენტი ფრენებზე
"არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რას გიკეთებს რუსეთი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საბაბი არ იყო იმის, რომ რუსეთთან ფრენები აღდგენილიყო და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით პუტინს გავლენის მოპოვება სურს საზოგადოებაზე.
"საბაბი არ იყო იმის, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები. ვის სჯერა, არავის არ შეიძლება სჯეროდეს, რომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია რუსეთსა თუ საქართველოში ქართველების კეთილდღეობით, რომ ჩათვალა საჭიროდ, რომ აღდგა ფრენების. ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის სვლა, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, რომ ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რუსეთის ისეთი ცნობილი ნაბიჯები, რომ არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რა ხდება, როგორ ხდება და რას გიკეთებს რუსეთი... რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.