ერთპიროვნული უფლებები ჯანდაცვის სამინისტროსთვის - რეპრესიული კანონი ძალაში შევა
სამედიცინო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი საგანგებო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის მოტივით მომზადებულ რეპრესიულ კანონს, რომლის მიხედვითაც კლინიკების და ფარმაცევტული საწარმოების დახურვა და დაჯარიმება მარეგულირებელ კომისიას ერთპიროვნულად ექნება.
"ოცნებამ" საპარლამენტო მსჯელობისას დროს პირობა დადო, რომ პროცესში სასამართლოს ფილტრი ჩაერთვება, მაგრამ ამ მექანიზმის მიმართ ნდობა არ არსებობს, რადგან ოპოზიციის შეფასებით, სასამართლო პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია.
"ლელოს" წევრ ვახტანგ სურგულაძის თქმით, ამ კანონპროექტით ჯანდაცვის სექტორი განვითარების ნაცვლად უკან უკან დაიხევს. ოპოზიციამ კანონში პოლიტიკურ მიზნებიც ამოიკითხა და აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის, რომ ხელისუფლებამ ყველა და ყველაფერი აკონტროლოს.
სასამართლოს ძალიან ფორმალურად ჩართვა მოხდება 72 საათის შემდეგ, პრაქტიკულად საჯარიმო სანქციების მყისიერად მიღება იქნება და ამაზეც არაფერი ცვლილება არ იქნება. დაჩქარებული მეთოდით მოხდება და პირველი ივლისიდან შევა ძალაში, არაფერი არ შეცვალეს და ეს კანონი კიდევ ვამბობ ჩვენც ჯანდაცვას წინ არა უკან და უკან დახევს. ამ კანონს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იდეა და აზრი, რომ ვაკონტროლოთ ყველა, ვაკონტროლოთ ყველაფერი და თუ რაღაცა მოვუჭიროთ ხელი და გავაკეთებინოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის, რომ აკონტროლონ ყველა და აბსოლუტურად ყველაფერი, - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კანონპროექტი და რეგულირების ახალი მექანიზმები უკვე დიდი ხანია, რაც დღის წესრიგში დგას. ჯანდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან საფუძველს მოკლებულია.
მიზანი არის ის, რომ პაციენტის ინტერესების დაცვის გამო მოხდეს მარეგულირებლის უფლებამოსილების აღსრულება ამ ახალი მექანიზმების გამოყენებით, ამის გადაზღვევისთვის. რა თქმა უნდა არის შიდა მექანიზმებიც, რომ არაწესიერი არამართლზომიერი მიზნით ამის გამოყენება არ მოხდეს და ასევე სასამართლოს მექანიზმებიც, სრულიად გამორიცხულია და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ამ ახალი კანონპროექტის დაკავშირება რაიმე პოლიტიკურ მოტივებთან. კანონპროექტი და რეგულირების ახალი მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში დგას სამინისტროში დიდი ხანია, - ამბობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია.