5 ივლისის დაუსჯელი მოძალადეები - უმძიმესი დღიდან 2 წელი გავიდა
ღარიბაშვილის წახალისებული ძალადობის შედეგი ჟურნალისტებმა საკუთარ თავზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადაიტანეს. ვინ აორგანიზებს ქვეყანაში მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებების სერიას, ამ კითხვას პასუხი ჩვენმა გუნდმა დიდი ხნის წინ გასცა. დღესაც და ორი წლის წინაც ყველაფერს სათავეში სუსი ედგა. ოღონდ გამოძიება არა რომელიმე უწყებამ, არამედ TV პირველის საგამოძიებო გუნდმა ჩაატარა.
"შაბათის ეთერის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟებში გასაჯაროებული ფაქტები პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ 5 ივლისს რადიკალები კონტროლზე სუს-ის მაღალჩინოსნებს ჰყავდათ აყვანილი. ისინი უშუალოდ დაპირისპირების ადგილიდან გასცემდნენ ბრძანებებს - ვინ, რა დროს უნდა ეცემათ. ყველას ვინაობა ცნობილია, თუმცა არცერთი პასუხისმგებლობაში არ მიუციათ და არც აპირებენ. დღეს კობახიძემ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამოძიებას პრაქტიკულად წერტილი დაუსვა.