რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება? - მაჭარაშვილი ენმ-ის წევრებზე თავდასხმაზე
"რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება?" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი საგარეჯოში მომხდარ ორგანიზებულ თავდასხმას ნაციონალური მოძრაობის წევრებზე.
იმის მიუხედავად, რომ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გმობს ძალადობას, პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს არ უკვირს, რომ ენმ-ის წევრებს თავს ესხმიან - ამას საზოგადოების რეაქციით ხსნის.
საზოგადოების რეაქცია რაც არის, ამას ყველა ხედავს. ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან ჩვენ ვგმობთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ ის რეაქციები, რაც არის საზოგადოებაში, როცა ჩადიხარ ასეთი, რომ იტყვიან კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, რომელსაც აღებული აქვს თავის თავზე უამრავი დანაშაული და ამავდროულად ბოდიში არ აქვს მოხდილი არავისთან, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
არის თუ არა ეს განცხადება ძალადობის წამხალისებელი? - ჟურნალისტის კითხვას მაჭარაშვილი კვლავ იმით პასუხობს, რომ საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს.
როგორ ვახალისებ, ძალადობას არ ვამბობ, ძალადობა სხვა რამეა, ძალადობას მე ვგმობ, მაგრამ ის, რომ პროტესტი გამოხატოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს მათი უფლებაა", - ამბობს მაჭარაშვილი.