პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის გირაოს სახით 3 მილიონის დაკისრებას ითხოვს
პროკურატურა თანაინვესტიორების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გირაოს სახით 3 მილიონის დაკისრებას ითხოვს. ბრალდების მხარემ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ამის გარდა, პროკურატურა არსებობს მიმალვის საფრთხე და ამიტომ მისთვის პასპორტის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას მოითხოვს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ. ბაჩიაშვილის თქმით, მას სამი კვირაა, რაც მანქანებით უთვალთვალებენ.
გიორგი ბაჩიაშვილმა ეს განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მისი უფლებების დარღვევაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქმეზე გამომძიებლებმა მისი უფლებების განმარტების გარეშე დაკითხეს. ბაჩიაშვილის თქმით, მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება.