ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს - ბაჩიაშვილი
ფიგურირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც თანაივესტორი - ამ კითხვაზე ბაჩიაშვილმა პასუხი არ გასცა. ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.
ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, არანაირი აქტი არ ჩამიდენია, ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს. გაოგნებული ვარ, 8 წლის შემდეგ როგორ შეიძლება. ქვეყანაში ჩამოვედი სამი კვირის წინ, დატოვება რომ მდომოდა, რატომ ჩამოვიდოდი," - ამბობს ბაჩიაშვილი.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე ეკრძალება. ბაჩიაშვილს კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.
ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.