უკრაინამ არამეგობრული გზა აირჩია... ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ კეთილგანწყობილი და მეგობრულია, თუმცა ომში მყოფი ქვეყანა ამ მეგობრობას არ აფასებს. შალვა პაპუაშილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ერების ურთიერთობა ერთი ადამიანით გადაწყვიტა, რაც კაპრიზია.
ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე და ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველოს ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას და განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების, მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობის, როდესაც ერთ ადამიანზე კიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა, არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას. მე ვთქვი გუშინაც, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვის არის დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. მათ დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთწიფანიძის სახით. არა მხოლოდ შეფარებული, არამედ მაღალ თანამდებობაზეა ორივე. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს და ეს არის კაპრიზი, როცა სააკაშვილის მიმართ არის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არის დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, ერთიც ადმტკიცებულია და მეორეც დამტკიცებულია, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით მოთხოვნა გადაყვანის და ა.შ., - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევების საკითხსაც შეეხო და ზელენსკის გადაწყვეტილებას არადიპლომატიური ჟესტი უწოდა.
აქ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, თავდაპირველად, მაშინ როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო ელჩებს შორის, ვინც დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, მაშინ, როცა აშშ-ის, გერმანიის თუ სხვა ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როცა სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაშია ადამიანი თუ ოპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ არ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოკიდებულება, ყელა უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხთან დაკავშირებით, - თქვა პაპუაშვილმა.