2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან - სუს-ის უფროსის მოადგილე
2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან - ამის შესახებ განცხადება სუს-ის უფროსის მოადგილემ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
ალექსი ბატიაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებაში ჩართულები იყვნენ, როგორც ქვეყნის შიდა ასევე გარე ძალები. სუს-ის უფროსის მოადგილე არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს კონკრეტულ ძალებში, თუმცა, ამბობს, რომ "დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობა".
2022 წელს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „ჰიბრიდული საფრთხეები“. ხშირ შემთხვევაში, კოორდინირებულად მიმდინარეობდა ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების, მათ შორის კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ წარმოებდა. აღნიშნულში ჩართულები იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოქმედი აქტორები. აღნიშნული კამპანიების უმთავრეს მიზანს კვლავ საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენდა. ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ამასთან, დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობა; მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. საანგარიშო პერიოდში სამსახური მუდმივ რეჟიმში ახდენდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და ტარდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად კვლავ აქტიურად განაგრძობდნენ ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტების გამოყენებას. საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ნაციონალური იდეოლოგიის გასავრცელებლად, აღნიშნული აქტორები ცდილობდნენ სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო თუ საექსპერტო შეხვედრების მოწყობას, ასევე ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტების განხორციელებად. აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები გაატარა. კონტროლზე იყო აყვანილი აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილე ანდა ხელშემწყობი პირები და ორგანიზაციები, მიმდინარეობდა მათი კავშირების და დაფინანსების წყაროების გამოვლენა“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.