"ფორმულას" ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა - დაშავებულები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა

07.07.23 17:35
"ფორმულას" ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა - დაშავებულები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა

კახეთში დაშავებული "ფორმულას" გადამღები ჯგუფი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა. ჟურნალისტმა გიორგი კვიჟინაძემ და მისმა ოპერატორმა სულხან ჭკადუამ გამომძიებლებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. დაზარალებულებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზაც.

მედიის წარმომადგენლები იმ დროს დაშავდნენ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე "ოცნების" პროპაგანდისტებმა ქვებით შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ნასროლი ქვები მოხვდათ.

"ფორმულას" ჟურნალისტის თქმით, წინა პრაქტიკებიდან გამომდინარე მას არ აქვთ იმედი, რომ მოძალადეები დაისჯებიან.

ძირითადად კითხვები შეეხებოდა, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია საგარეჯოში, როგორ გაგვისწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საგამოძიებო უწყებას, გამომძიებლებს. ახლა საინტერესოა მოჰყვება თუ არა ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ჩვენზე განხორციელებულ ძალადობას რაიმე სამართლებრივი ქმედება და ისჯებიან თუ არა მოძალადეები. სიმართლე, რომ გითხრათ წინა პრაქტიკებიდან გამომდინარე, არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დასჯის საგამოძიებო უწყება, რადგანაც არაერთ საქმესთან დაკავშირებით მაქვს მიცემული ჩვენება, დაზარალებულის სტატუსიც მაქვს, თუმცა არცერთი მოძალადე არ არის ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული, - ამბობს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, გიორგი კვიჟინაძე.

"ფორმულას" კიდევ ერთი დაზარალებული ოპერატორი ყვება, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მასზე თავდასხმა განხორციელდა. ოპერატორს მოლოდინი აქვს, რომ მოძალადე პირები დაისჯებიან.

"უბრალოდ ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას და ამ დროს კადრებიც ამომიღეს თუ როგორ მირტყამენ ხელს და ყველაფერი მოვყევი თუ რა როგორ განხორციელდა. მოლოდინები მაქვს ის, რომ გამოძიება დაიწყება და ყველაფერი, დაისჯებიან ის პირები, ვინც ჩემზე და ყველა იმ ოპერატორებზე იძალადეს, - ამბობს ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი, სულხან ჭკადუა.

მსგავსი სიახლეები