ამ ივენთზე შეიძლება, არაფერი არ მოხდეს, თუმცა ქუჩაში ვიღაცას რომ დაინახავენ საყურით და სხვანაირი ფერის თმით, იმას შეეხებიან - საბო
"ამ ივენთზე შეიძლება, არაფერი არ მოხდეს, თუმცა ქუჩაში ვიღაცას რომ დაინახავენ საყურით და სხვანაირი ფერის თმით, იმას შეეხებიან", - ეს განცხადება გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰერმან საბომ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ შესაძლოა, თბილისის პრაიდის ხვალინდელი ღონისძიება დაიცვას, თუმცა, ქართული ოცნების ლიდერების ძალადობრივი რიტორიკა საზოგადოების განწყობებზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. ჰერმან საბო ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო გუნდის რიტორიკა შესაძლოა კანდიდატის სტატუსის საკითხსაც უკავშირდებოდეს და ახლა საინფორმაციო სივრცის მომზადებას ცდილობს, რომ თითქოს, დასავლეთი „გეების ქორწინებას“ ითხოვს.
ერთი დიდი თამაშის ორი ნაწილია - ერთი მხრივ, შსს-მ შეიძლება უზრუნველყოს იქ ადამიანების დხურულ ივენთზე უსაფრთხოება, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს „ქართული ოცნების“ ის რიტორიკა, რომელიც, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი რომ გამოდის და ამბობს, რომ ლიბერალიზმი ქვეყნის მთავარი პრობლემაა, პრემიერი, რომ გამოდის და სუროგაციის აკრძალვას ითხოვს, არგუმენტებით, რომ ბავშვები აქედან გაჰყავთ და ლგბტ თემს მიჰყავთ. ერთი მხრივ, ისინი ტექნიკურად, ვითომ უსაფრთხოების ზომებს ასრულებენ, მერე საელჩოებს და ვიღაცებს მოსადავებელი არ ჰქონდეს და შეიძლება არც უნდათ, ვიღაც დაშავდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მთელი ის რიტორიკა, რომელიც ახლა წამოწეულია, ქვეყანაში ქმნის ფონს, რომელიც გადაითარგმნება იმაში, რომ შეიძლება ამ ივენთზე კონკრეტულად არაფერი მოხდეს, მაგრამ ქუჩაში ვიღაცას დაინახავენ საყურით, ვიღაცას დაინახავენ სხვანაირი ფერის თმით, ცოტა სხვანაირად ჩაცმულს და იმას შეეხებიან - იქ უკვე, მერე ვისი ნათქვამის გამო მოხდა, მაგ მიზეზშედეგობრიობას ვეღარ დაადგენ,“ - ამბობს ჰერმან საბო.