ზელენსკი კუნძულ ზმეინზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი კუნძულ ზმეინზე ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის მე-500 დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. ომის სიმბოლოდ ქცეულ კუნძულზე ზელენსკი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩნოსანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად ჩავიდა.
„დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზმეინი ის ადგილია, საიდანაც უკრიანელმა ჯარისკაცებმა რუსულ სამხედრო გემს და ეკიპაჟს ყველასთვის ნაცნობი სიტყვებით მიმართეს.
ზმეინიდან ოკუპანტები თავის დროზე გაიქცნენ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ვეღარ გაუძლეს.