რა საიდუმლოებები იცის ბაჩიაშვილმა ოლიგარქის შესახებ? - ჟურნალისტური გამოძიება

08.07.23 21:31
რა საიდუმლოებები იცის ბაჩიაშვილმა ოლიგარქის შესახებ? - ჟურნალისტური გამოძიება

"შაბათის ეთერისთვის" ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი სანდო ადამიანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის დეტალები ხდება ცნობილი.

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი 2013 წელს, პრემიერად არჩევისთანავე გამოარჩია. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულმა ოლიგარქმა მისი დიდი ფული სამართავად, სწორედ ბაჩიაშვილს ჩააბარა. წლებთან ერთად გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ადამიანად იქცა. პრემიერ-მინისტრის ყველა ცვლილებისას, პოლიტიკურ კულუარებში იწყებოდა მსჯელობა, რომ ოლიგარქი ამ პოსტს ბაჩიაშვილისთვის ამზადებდა. ასე იყო 2022 წლამდე, ვიდრე ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის გზები გაიყოფოდა. უთანხმოების პირველი ნიშანი საჯაროზე მაშინ გამოვიდა, როდესაც აშშ-ში მყოფ ბაჩიაშვილს, თანაინვესტირების ფონდში არსებული აქტივები, ბიძინა ივანიშვილის დისშვილის სახელზე გადააფორმებინეს.

ეს ის დროა, როდესაც საქართველოს მთავრობას დასავლეთი რუსეთის დახმარების გამო აკრიტიკებს, ევროპარლამენტარები ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ და მისი გადამალული ქონების შესწავლა მიდის. ამ დროს ოლიგარქს "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, უჩნდება ეჭვი რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაძლოა, მისი საიდუმლო ფინანსური ოპერაციების შესახებ ცნობები სანქციების ჯგუფს მიაწოდოს. 

2022 წლის დეკემბერში გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილმა მართვის სადავეების საკუთარ დისშვილზე გადაფორმება მოსთხოვა, მოთხოვნა შეასრულა, თუმცა საქართველოში არ ჩამოვიდა და ამერიკაში დარჩა.  "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის განეიტრალების გეგმაზე მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო. მარტში საქართველოს პროკურატურაში მილიარდერის სახელით საჩივარი შევიდა, ოლიგარქი განცხადებაში წერდა, რომ დიდი ფული მოჰპარეს.

იმ დროს ბიძინა ივანიშვილს, ვიქტორ ყიფიანის იურიდიული ჯგუფი ემსახურებოდა, თუმცა ოლიგარქი არც მას ენდო. ივანიშვილის სახელით განცხადება პროკურატურაში იურისტმა, თეიმურაზ წიქვაძემ შეიტანა, წიქვაძე "ქართუ ბანკის" ადმინისტრაციული დირექტორის, ვახტანგ მაჭავარიანის ერთ-ერთი ბიზნესის მმართველია. 

ამასთან, ივანიშვილი-ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა "შაბათის ეთერს" დაუდასტურა, რომ ოლიგარქი ჩვენების მისაცემად ორთაჭალაში მთავარ პროკურატურაში თავად მივიდა. 

რას ედავება ივანიშვილი ბაჩიაშვილს?! პროკურატურის მტკიცებით, ოლიგარქმა ბიზნესის საკეთებლად, მისი მილიარდების განმკარგავს, 2015 წელს 5 მილიონი დოლარი ასესხა, ბაჩიაშვილმა ფული ბიტკოინებში ჩადო და თითქმის 40 მილიონი იშოვა. ივანიშვილი დავობს, რომ 40 მილიონის ნაცვლად, რომელიც მისგან ნასესხები ფულით ბაჩიაშვილმა იშოვა, ოლიგარქს წილად მხოლოდ 536 ათასი დოლარი ხვდა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, რეალობა სულ სხვაა - სინამდვილეში, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიამ ივანიშვილის "ქართუ ბანკიდან", კრიპტო ბიზნესის საკეთებლად სესხი აიღო, საქმეში სესხის ეს  ხელშეკრულებაც დევს. ვადის ამოწურვის შემდეგ, ნასესხები 5 მილიონი თავისი საპროცენტო სარგებლით, ჯამში 6 მილიონი, ბაჩიაშვილმა "ქართუ ბანკს" უკან დაუბრუნა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ნდობით აღჭურვილი გიორგი ბაჩიაშვილი ახლა ამბობს, რომ მისი ყოფილი შეფის საჩივრით გაოგნებულია.  

ქვეყნის ერთ ერთი მდიდარი ბიზნესმენი, ახლა ნულზე დასვეს. თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, გიორგი ბაჩიაშვილის ავტოფარეხიც კი დაყადაღებულია, შაბათის ეთერმა მოიპოვა დოკუმენტი, სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ადასტურებს რომ ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე ყადაღა დაედო, ბაჩიაშვილის წილს 20 კომპანიაში, 13 უძრავ ქონებას, 7 ავტომობილს, 1 კვადროციკლს და 1 სპეციალიზებულ მისაბმელსაც კი. დააყადაღეს ბაჩიაშვილის მშობლების ბინაც. 

ივანიშვილი - ბაჩიაშვილის საქმეში ერთი დეტალია მნიშვნელოვანი - იმის მიუხედავად რომ საქმე 40 მილიონის მოპარვას ეხება, პროკურატურას ბაჩიაშვილის პატიმრობა არ მოუთხოვია, სასამართლომ ივანიშვილის ქონებების მმართველს ორ ნახევარ მილიონიანი გირაო შეუფარდა, პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, რითაც სრულ იზოლაციაში მოაქცია. 

რისი შეეშინდა ოლიგარქს?  რატომ გამოკეტა გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში? ის ივანიშვილის არა მხოლოდ ქართულ და ამერიკულ აქტივებს განკარგავდა. ოლიგარქი ოფშორული კომპანიის საშუალებით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ფლორიდაში, მილიარდერების ნახევარკუნძულზე უძრავ ქონებასაც ფლობდა, თუმცა ივანიშვილის ეს სახლი არსად ჩანდა, პრემიერ ივანიშვილს დეკლარაციაშიც კი არ მიუთითებია,  რომ მანალაპანას სანაპიროს ნაწილი მისი იყო. საიდუმლოდ გადანახული ტერიტორია 2022 წელს გიორგი ბაჩიაშვილმა გაყიდა. ეს გარემოება ადასტურებს ვარაუდს, რომ ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ყველა დამალული აქტივის შესახებ იცოდა. 

მსგავსი სიახლეები