მოწამლეს თუ მოიწავლა? - რა სჭირს პატრიარქის მოსაყდრეს (ექსკლუზიური დეტალები)
მოსაყდრე შიომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, მისი ადგილსამყოფელი ახლა გასაიდუმლოებულია. უმაღლესი სასულიერო პირი საჯარო სივრცეში, ერთი თვეა არ გამოჩენილა. ექიმები იკვლევენ, რა სჭირს პატრიარქის მოსაყდრეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის ცუდად წირვის დროს გახდა. ანალიზებმა სისხლში მძიმე მეტალების არსებობა დაადასტურა, თუმცა მცირე დოზით.
წყაროს მიერ მოწოდებული ცნობებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგი ვერ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მეუფე მოწამლეს, ასეთი დოზით მძიმე მეტალი ორგანიზმში შესაძლოა, დაბინძურებული საკვებიდანაც მოხდეს.
მღვდლების ნაწილს არ სჯერა, რომ ვინმემ მეუფე შიო მოწამლა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად იყო ეჭვი, რომ შხამი, მღვდელმთავარს, საკვებში ან წყალში გაურიეს. შეამოწმეს, ყველაფერი, მათ შორის თევზი რომელიც მეუფისთვის მიაქვთ, საეჭვო ვერაფერი ნახეს.
არის მთავარი კითხვა, მეუფე შიო მოწამლეს თუ ეს არის ციანიდის სკანდალიდან ექვსი წლისა და ექვსი თვის თავზე ახალი ხმაურიანი საქმე, რომელიც ეკლესიაში გავლენების გადასანაწილებლად ააგორეს.
ინფორმირებული ადამიანი საქართველოს საპატრიარქოდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ბოლო პერიოდში მეუფე შიოს ფლანგსა და შორენა თეთრუაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ამიტომ ახლა მოწამვლის თემით შემოტანით, ცდილობენ, ისრები შორენა თეთრუაშვილისკენ შემოატრიალონ.
საპატრიარქოში დასაქმებული ერთ ერთი ადამიანი გვიყვება, რომ ეპისკოპოსი საკვებს საპატრიარქოს და სახლის გარდა არსად იღებს. საპატრიარქოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს, შხამის შეტანის და საკვებში მისი შერევის ალბათობა აქ მინიმუმია.
თეოლოგების ნაწილმა მეუფე შიოს მომავლის შესახებ გავრცელებული ცნობა, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას დაუკავშირა.
სუს-ის ფაილების თანახმად, მომავალი პატრიარქის შერჩევის პროცესის მიმართ დიდი ინტერესი ბიძინა ივანიშვილს აქვს, ის მის პირად მოძღვართან ბართლომე ფირცხალაიშვილთან საუბრისას არკვევდა, ვის ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი ილია მეორეს შემდეგ საპატრიარქო ტახტი დაეკავებინა.