ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე განაჩენი ცნობილია - 9 ბრალდებულიდან რვას პატიმრობა შეეფარდა
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე განაჩენი ცნობილია. ცხრა ბრალდებულიდან მოსამართლე კლდიაშვილმა ერთი უდანაშაულოდ ცნო, რვას პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის გრინ სერვის პლუსის ხელმძღანელს.
ლაშა ფურცხვანიძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა. გიორგი გობეჯიშვილს 4, ვალერი გობეჯიშვილს 3 წელი, ნუგზარ ქიტიაშვილს 3 წელი, დავით თუშიშვილს 3 წელი და 6თვე, დევი კახოიძეს 3 წელი, გიორგი ვახტანგაშვილს 3 წელი , ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წელი, ბექა მურღვლიანს 3 წელი, ხოლო ვალერი გოგიშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულები განაჩენს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები.
გრინსერვის პლუსის დირექტორი ამბობს, რომ გამოძიებამ არ დაადგინა მთავარი, ვინ იყო მწარმოებელი კომპანია ვინ იყო და ჰქონდა მას დაშვებული შეცდომები მაშინ, როდესაც გრინსერვის პლუსს მიაწოდეს ის ტექნიკა, რითაც მათ სამუშაოები შეასრულეს.
ლაშა ფურცხვანიძე აპირებს, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მისი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ თავისი როლი ვერ შეასრულა.
არც ერთიდ ასაბუთება დღეს ჩვენ არ მოგვისმენია. პროკურორის სუბიექტური განცხადებები, რასაც ჩვენ ამ 9 თვის განმავლობაში ვისმენდით გადაიტანა განაჩენში, მოაწერა ხელი. ფაქტობრივად, მოსამართლემ ვერ შეასრულა თავისი როლი, რაც უნდა შეესრულებინა". - ამბობს ადვოკატი.
საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ უმთავრეს ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა.
საქალაქო სასამართლომ ძირითად და უმთავრეს ნაწილში გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული 9 პირიდან 8 პირი დამნაშავედ ცნო. ამ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო გრინსერვის პლუსი, სწორედ მან შეასრულა ეს სამუშაოები და მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა მერიის საქალაქო სამსახურთან". - ამბობს საქმის პროკურორი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე ერთ-ერთი დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ცოტა ხნის წინ მოსამართლემ 3 წლით ციხეში გაუშვა, მეორეს მიმართ კი განხილვა არ დასრულებულა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).
ბრალდება წარედგინა „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.