ხმების გაყალბებით დაძლეული ვეტო - ოპოზიცია ხელახალ კენჭისყრას ითხოვს
ხმების გაყალბებით დაძლეული ვეტო - საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრის შედეგების გადახედვას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დარბაზში არმყოფი თანაგუნდელების ბარათები გამოიყენა და ასე დაძლია პრეზიდენტის ვეტო, ოპოზიცია კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ კენჭისყრა გაყალბდა, რა თქმა უნდა, მას უნდა ეყაროს ხელახლა კენჭი, ხოლო გამყალბებლები უნდა დაისაჯონ არსებული კანონმდებლობის მიხედვით,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
ასეთი მტკიცებულებები თუ არსებობს, მაშინ სასწრაფოდ დასაინიცირებელია ის საკითხი, რომ ამ კენჭისყრის შედეგები გაუქმდეს. ამ საკითხზე კარგი იქნება, თუ ინიცირებული იქნება სპეციალური მოკვლევა, ქართულ ოცნებას არაერთხელ დაურღვევია რეგლამენტი, მაგრამ ეს ეხება ძალიან მაღალი მნიშვნელობის კანონს და მით უფრო ვეტოს უფლების დაძლევის საკითხს,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ვეტო არ არის დარღვეული რეალურად და ის, რაც ჩაიდინა რუსულმა ოცნებამ და უმრავლესობამ, არის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ ასე მოპარვით, მანიპულირებით, მაქინაციებით ცდილობენ გააუქმონ ამ ქვეყანაში ყველა არსებული კანონი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხის კეთილდღეობას,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 3 ივლისს განიხილა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე გირჩის ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.