გადავიდნენ დეპუტატების ხმების ქურდობაზე - საბა ბუაძე კენჭისყრის გაყალბებაზე
"გადავიდნენ დეპუტატების ხმების ქურდობაზე", - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საა ბუაძე "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებიტ ვეტოს დაძლევას და სავარაუდოდ, კენჭისყრის შედეგების გაყალბებას.
საბა ბუაძის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" კანონი დაარღვია და სასურველი შედეგის მისაღებას პარლამენტში დეპუტატების ხმები გააყალბა.
თუ ადრე "ქართული ოცნება" პირდაპირ ხელის გადაგრეხვის პრინციპით ცდილობდა საკუთარი გადაწყვეტილებების გატანას, ახლა ვხედავთ, რომ გადავიდნენ დეპუტატების ხმების ქურდობაზე და პირდაპირ და დაუფარავ კანონდარღვევაზე, მაშინ, როდესაც არმყოფი დეპუტატების ხმებით ცდილობენ, რომ გაიტანონ კანონპროექტი. ეს არის ცალსახა დარღვევა, გასული არის ეს ხელისუფლება სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოდან", - განაცხადა საბა ბუაძემ.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 3 ივლისს განიხილა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე გირჩის ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.