სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ვერ ვხედავ, თავისეული კოდექსი აქვთ "ოცნებაში" - სამუშია ბაჩიაშვილის საქმეზე
ბაჩიაშვილის საქმე - „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არავის არ დაინდობს, ვინც მის ინტერესებს აზიანებს ან ფინანსურად აზარალებს.
ლევან სამუშია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ღია წერილს ეხმაურება და ამ დოკუმენტის შინაარსით ის თვლის, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ ჩაუდენია.
სამუშია პარალელს ავლებს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველ ვადასთან, როდესაც გადაყენების საბაბი მისი ახლობლების სავარაუდო კორუფციული გარიგებები გახდა. სამუშიას თქმით, მაშინ გამოძიება არ დაწყებულა, რადგან თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიფლანგა და იმ შემთხვევაში ივანიშვილი არ დაზარალებულა.
ამ წერილიდან გამომდინარე, მაქსიმუმ სამოქალაქოზე თუ იყო საუბარი, არ ვიცი, რა ხდება შიგნით, აქ სისხლის სამართლებრივ თემას ვერ ვხედავ, ამ საქმეში, მაგრამ როდის ხდება დევნა - როცა პირად საკითხებს ეხება. გაგახსენებთ, ღარიბაშვილს, როდესაც პრემიერი იყო და პრეტენზიები წაუყენა, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებზე მის ნათესავებთან დაკავშირებით, ვინმე პასუხისგებაში მიცემული გვახსოვს? - არცერთი, იმიტომ, რომ იქ სახელმწიფოს ფულზე, ბიუჯეტზე იყო საუბარი, მაგრამ შემდგომ ვნახეთ ღარიბაშვილი ისევ მობრუნებული და კითხვა დაუსვეს, რა ხდება ამ საკითხზეო, ჩემს ნათესავებს ამის შემდეგ სახლში არ ვუშვებო, სისხლის სამართლის თავისეული კოდექსი აქვთ "ქართულ ოცნებაში", თურმე დასჯა ყოფილა, რომ ნათესავს სახლში არ შემოუშვებ, თუ მან სამართალთან „მიქარა“, - ამბობს სამუშია.