რა ჩანაწერი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს კომუნიკეში - კობა ლიკლიკაძე მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე
NATO-ს კომუნიკეში ისევ გადმოვა ჩანაწერი, რაც 2008 წლიდან არის ასახული, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როდესაც ის ამისთვის მზად იქნება, - ეს განცხადება "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძემ გააკეთა.
კობა ლიკლიკაძე NATO-ს სამიტზე საუბრობს და ამბობს, რომ წინასწარი პროგნოზი ცნობილია, თუ რომელ ქვეყანაზე იქნება სამიტზე ყურადღება გამახვილებული - საუბრის მთავარი თემა უკრაინა იქნება. რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაშიც სტანდარტული ტექსტი იქნება გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კომუნიკეში ის ჩანაწერი, რომელიც ესტაფეტასავით გადმოდის 2008 წლიდან ყველა NATO-ს სამიტის კომუნიკეში, ის უცვლელი დარჩება - კულუარული ინფორმაციით, იქნება ჩანაწერი - რომ გახდება საქართველოც ნატოს წევრი, როდესაც ის ამისთვის მზად იქნება,“ - ამბობს ლიკლიკაძე.
ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე დაყრდნობით, ლიკლიკაძე ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულების შემდეგ მოხდება, თუნდაც ამ ეტაპზე ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მაპ-ი აღარ სჭირდება.
ეს გზა არ არის იოლი, შეიძლება შემოკლება მოხდა, მაგალითად, კულებამ თქვა, რომ მიღწეულია პრინციპული თანხმობა წევრ ქვეყნებს შორის, რომ ე.წ. მაპი აღარ იქნება აუცილებელი მოთხოვნა უკრაინისთვის, მაგრამ იენ სტოლტენბერგმა დიპლომატიურად თქვა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი NATO-ს წევრი ქვეყანა ემხრობა იმას, რომ ასეთი ჩანაწერი არ იყოს უკრაინისთვის სავალდებულო... კულუარული ინფორმაციით, დეკლარაციაში, კომუნიკეში, რომელსაც სამიტის წევრი სახელმწიფოთა მეთაურები მხარს დაუჭერენ, იქ იქნება ნათქვამი, რომ უკრაინას მკაფიო პერსპექტივა აქვს NATO-ში გაწევრიანების და ლაპარაკი იქნება გრძელვადიანი დახმარების პაკეტზე, რომლის თანახმადაც, უკრაინა ყოველწლიურად NATO-სგან მიიღებს 500 ათასი ევროს დახმარებას, NATO დაეხმარება საბჭოთა პერიოდის იარაღისგან გათავისუფლებას უკრაინას, დაეხმარება NATO უკრაინას, რომ სწრაფად გაიაროს რეფორმების პერიოდი, რომლისთვისაც ომის განმავლობაში - ომი არ არის საუკეთესო პერიოდი რეფორმებისთვის. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ომი უნდა დამთავრდეს, ჩემი წარმოდგენით ალბათ, აქ ისიც იგულისხმება, რომ ის სტარტს მისცემს უკრაინის უფრო მძლავრ რეფორმირებას, რომელშიც NATO ჩაერთვება,“ - ამბობს ლიკლიკაძე.
ლიკლიკაძის თქმით, ვილნიუსში NATO-ს სამიტის წინ უკრაინის მიმართ ერთსულოვნებაა და NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ.
2013 წელს აქ ვიმყოფებოდით ჟურნალისტები და ვესწრებოდით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელზეც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება. ძალიან სიმბოლურია, მაშინ უკრაინა ამ პროცესს ჩამორჩა იანუკოვიჩის გამო, რომელმაც ასოცირებაზე უარი თქვა, მაშინ ჩემი უკრაინელი კოლეგა შემოგვნატროდა ჩვენ და ახლა ჩვენ შევნატრით უკრაინას იმ თვალსაზრისით, როცა ვხედავთ, როგორი ერთსულოვნებაა უკრაინის მიმართ, რამდენად დიდია ამ ქვეყნისთვის დახმარება და რამდენად სწრაფად წავიდა ის წინ ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით,“ - ამბობს ლიკლიკაძე.