დისკრიმინაციული მოპყრობა და დაუსაბუთებელი რეორგანიზაცია - საია წულუკიანის რეპრესიებზე
დისკრიმინაციული მოპყრობა და დაუსაბუთებელი რეორგანიზაცია - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კულტურის მინისტრის რეპრესიებზე საუბრობენ.
იურისტი შორენა ლოლაძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, არასასურველი კადრების სამსახურიდან გაშვების მოტივი ხშირ შემთხვევაში რეორგანიზაცია ხდება.
პრობლემური იყო ადამიანების გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე და სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ საქმეებში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ იყო მაინც და მაინც, რეორგანიზაციის საფუძვლით მათი გათავისუფლება. ასევე, ჩვენ ვიმუშავეთ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა კულტურის და მეცნიერების სფეროში რამდენიმე თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობას, რომლის მთავარი ნიშანი იყო განსხვავებული მოსაზრებები, ანუ კონკრეტულად საუბარი არის საქმეზე, რომელშიც სამინისტრომ უარი განაცხადა უკვე დაფინანსებული პროექტის განხორციელებაზე იმის გამო, რომ ამ პროექტში ჩართულები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართაც ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა,“ - ამბობს შორენა ლოლაძე.
რეორგანიზაციის მიზანს კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურა წარმოადგენს, - თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდში წარმოებული პოლიტიკა მიმოიხილა. ანგარიში სახელწოდებით - "კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით მომზადდა.
კვლევის მიხედვით, სასამართლოში წარმოებულმა დავებმა აჩვენა, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის დარღვევით და რეორგანიზაცია გამოყენებული იყო არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად.