პარკში რომ ელექტროდია გამოშვებული, სტოლტენბერგის და კელი დეგნანის ბრალი არ არის - ანა დოლიძე
"ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ, სადაც დავკარგეთ ბავშვი, ამის შემდეგ მერიას უნდა გაეკეთებინა სკვერების აუდიტი," - ეს განცხადება პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გააკეთა.
ანა დოლიძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც უბედური შემთხვევას 16 წლის დათუნა ჟღენტი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბიჭს დენმა დაარტყა.
ანა დოლიძე ამბობს, რომ უმთავრესი იყო თბილისის მერიას სკვერების კეთილმოწყობა შეემოწმებინა.
მერიას რომ ეზრუნა არა საკუთარ თავზე, არა საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ ის გაეკეთებინა, რაც ვურჩიეთ - დავუწერეთ, რომ ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ, სადაც დავკარგეთ ბავშვი, ამის შემდეგ მერიას უნდა გაეკეთებინა სკვერების აუდიტი, ისე, როგორც ხდება ამსტერდამში, მელბურნში, შეემოწმებინა, რამდენი ოხერი პარკია ამ თბილისში - მოეკლო, 37 PR თანამშრომელი რომ ჰყავს, რომელსაც 4 მილიონ ლარს ახარჯავს კახი კალაძე და 4 მილიონი სამივლინებო თანხები, რისთვის დადიან საქართველოს პარლამენტიდან მივლინებაში, თუ მერე გვეუბნებიან, რომ ევროპა და NATO ხიხიაა, ეს მოეკლო და შეამოწმოს, რამდენი პარკია თითოეულ უბანში, სადაც დაგვყავს ბავშვები, ეს ხომ ყველაფერი დაცული იქნებოდა. აქ შეიძლება არ არის ბახმუტი, მაგრამ როცა ყოველ დღე ვხედავთ სასტიკ ოჯახში ძალადობას, ჰორორში ვცხოვრობთ, ეს არის ის გენოციდი, ეს არის ის ომი, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს,“ - ამბობს ანა დოლიძე.
ანა დოლიძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერია საზოგადოების პრობლემებზე ორიენტირებული არ არის და თბილისის მერი მხოლოდ საკუთარ PR-ზე ფიქრობს.
ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ და დასვან კითხვა, რომ პარკში რომ ელექტროდია გამოშვებული, სტოლტენბერგის და კელი დეგნანის ბრალი არ არის, ეს უნდა ვკითხოთ კობახიძეს. თბილისის ზღვაზე რა გახდა სეზონის განმავლობაში ათასლარიანი მაშველი დააყენო, რომ გააფრთხილოს ბავშვი, რომ არ ჩავიდეს საბანაო, 3 ათასი ლარია ერთ სეზონზე, არ იხდის კალაძე და 37 PR თანამშრომელი ჰყავს პარალელურად, რომ ლამაზი ლაივები ჩაწეროს და ეს არ არის კელი დეგნანის და სტოლტენბერგის და ფონ დერ ლაიენის ბრალი," - ამბობს ანა დოლიძე.